სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველების უფასო ვაქცინაციას ექვსი დაავადების საწინააღმდეგოდ ატარებს.
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროფილაქტიკური და სავალდებულო ვაქცინაცია ტარდება ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა თურქული, ჯილეხი, ცოფი, ბრუცელოზი, წვრილფეხა პირუტყვის ყვავილი და წვრილფეხა პირუტყვის ჭირი.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა, მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის 3 მილიონ 319 ათასამდე უფასო ვაქცინაცია/რევაქცინაცია განახორციელა და სააგენტოს ვეტერინარების მიერ ცხოველთა ჯანმრთელობა ყველა მუნიციპალიტეტში კონტროლდება, მათ შორის, ცოცხალი ცხოველების ბაზრებში, ზაფხულის და ზამთრის საძოვრებზე.
„ვაქცინაციის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო, სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვის მიზნით, უწყვეტ რეჟიმში, მკაცრად აკონტროლებს სასაკლაოებს, აგრარულ ბაზრებს, საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტებს და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, მათ შორის, ხორცის და ხორცპროდუქტების, რძის და რძის ნაწარმის განთავსებას და რეალიზაციას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს არ დაფიქსირებულა ცხოველთა საშიში ინფექციური დაავადებებით, ან ცხოველთა მოწამვლა/მოშხამვებით გამოწვეული მასიური სიკვდილიანობის ფაქტი, თუმცა, მომხმარებელს მოვუწოდებთ, სურსათი, განსაკუთრებით კი მაღალი რისკის - შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც სურსათი არის მიკვლევადი, დაცულია შენახვის და რეალიზაციის შესაბამისი პირობები და ტემპერატურული რეჟიმი. უმნიშვნელოვანესია, ბაზარზე განთავსებულ ხორცს ჰქონდეს ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა-2). დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი მომხმარებელს შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე 15-01“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.