გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, სახლიდან საბავშვო ბაღში აღსაზრდელების ტრანზიციის (ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა) პროცესის ხელშესაწყობად, ღია კვირეული მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში, მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბავშვებთან ერთად დაეთვალიერებინათ ბაღის გარემო, გაეცნოთ მომავალი აღმზრდელები და ერთად ჩართულიყვნენ სახალისო აქტივობებში.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში აღნიშნეს, კვირეულში ჩართულობა, პატარებს საგრძნობლად გაუმარტივებს ბაღის გარემოში ადაპტაციის პროცესს.
„ბავშვის ბაღში მისვლა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება ბავშვის დამოკიდებულება ახალი გარემოსა და ურთიერთობების მიმართ. სწორად წარმართული ტრანზიცია კი ეხმარება ბავშვს: უსაფრთხოების განცდის ჩამოყალიბებაში, სტრესის და შფოთვის დაძლევაში, დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობის განვითარებაში, ნდობის გაძლიერებაში როგორც მშობლის, ისე აღმზრდელის მიმართ.
გახსოვდეთ, მშობლის ჩართულობა და მხარდაჭერა საუკეთესო საფუძველია იმისა, რომ ადაპტაციის პროცესი ბავშვისთვის იყოს მშვიდი, სასიამოვნო და პოზიტიური“, - აღნიშნეს სააგენტოში.