რეგიონი
16.09.2025 11:12
შიდა ქართლში კიდევ ერთი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა.

ქარელის N1 საჯარო სკოლა 800 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ფარგლებში განახლდა საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი და გარე მოედანი. პრაქტიკული და კვლევითი სწავლისთვის მოეწყო ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა. მთლიანად შეიცვალა გათბობის და წყალმომარაგების სისტემები.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ონფორმაციით, პროექტი საქართველოს მთავრობის და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა, რომლის ღირებულება 6 მილიონ 400 ათას ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) - „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებას დაიწყებს პროფესიული სასწავლებელი ორი მიმართულებით: კონდიტერია და გრაფიკული დიზაინი.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ ქარელის მუნიციპალიტეტის ახლადრეაბილიტირებული შენობა გახსნა და სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, წარმატება უსურვა და ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

სკოლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი.

კვირის ამბები