გორელი ლევან მახათაძე პარამკლავჭიდში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.
ბულგარეთში გამართულ ჩემპიონატზე პარასპორტსმენი მძიმე წონაში ასპარეზობდა.
მარჯვენა მკლავით ჭიდილში ლევან მახათაძემ ყაზახი, სლოვაკი, უკრაინელი და სლოვაკი მოწინააღმდეგეები დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. რაც შეეხება მარცხენა მკლავს, ოთხი შეხვედრიდან ორი წარმატებით დაასრულა, სლოვაკ მოწინააღმდეგეებთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
„ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. მსოფლიოს ჩემპიონი მესამედ გავხდი. საკმაოდ დაძაბული შეხვედრები ჩავატარე, თუმცა, დიდი კონკურენციის მიუხედავად, შევძელი და ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი ავაჟღერე. მიღწეული წარმატება ჩემთვის დიდი მოტივაციაა, მუდამ ვიზრუნო საკუთარი თავის განვითარებაზე. მადლობა ჩემს მწვრთნელებს, რომლებსაც ჩემს გამარჯვებებში უმთავრესი წვლილი მიუძღვით“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა ლევან მახათაძემ.
საქართველოს პარამკლავჭიდის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდური პირველი ადგილით დაასრულა (42 - ოქროს, 35 - ვერცხლის და 23 ბრინჯაოს მედალი).