საზოგადოება
19.09.2025 13:41
დღეს ქართული სამხედრო ავიაციის დღეა

19 სექტემბერს ქართული სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება.

ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება. 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1992 წელს, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო შეიქმნა, რომელიც 1993 წელს მთავარ სამმართველოდ გადაკეთდა. 1995 წელს სამხედრო-საჰაერო ძალებს გვარდიის სამმართველოს შვეულმფრენთა საავიაციო პოლკი შეუერთდა. 1998 წელს სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ჯარები გაერთიანდა და მათ სამხედრო-საჰაერო ძალები ეწოდა.

2010 წლის გაზაფხულზე, სამხედრო-საჰაერო ძალები, საავიაციო ბრიგადის სახით, სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში გადავიდა. დღეისთვის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა საქართველოს თავდაცვის ძალების დაქვემდებარებაშია.

საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე 19 სექტემბერს 33 წელია აღინიშნება. 1992 წელს, სწორედ ამ დღეს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რომლებითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს. 1992-1993 წლებში საქართველოს სამხედრო ავიაცია აქტიურად ჩაერთო აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში, რა დროსაც ქართულმა სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებმა 217, ხოლო შვეულმფრენებმა 360 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს.

ქართული სამხედრო ავიაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც აქტიურად მონაწილეობდა, სადაც ქართულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა და შვეულმფრენებმა, მოწინააღმდეგის ქვეით და ჯავშანსატანკო ქვედანაყოფებზე არაერთი წარმატებული იერიში მიიტანეს.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სამხედრო ავიაციის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა:

„სამხედრო ავიაციის დღეს ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც ღირსეულად ემსახურება ჩვენს ქვეყანას - მფრინავებს, ინჟინრებს, მექანიკოსებს, მართვის ოფიცრებს და, ასევე, სამხედრო ავიაციის ვეტერანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული ავიაციის განვითარებაში.

ჩვენი მთავრობა აგრძელებს მუშაობას  ჯარის მობილურობის გასაზრდელად და სამხედრო მოსამსახურეებისთვის უკეთესი სამუშაო, სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების შესაქმნელად. ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ავიაციის მოდერნიზების და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. დღეისათვის წარმატებით ხორციელდება საავიაციო შესაძლებლობების მოდერნიზება, ინერგება თანამედროვე მართვის, კონტროლის და კომუნიკაციის სისტემები. თანამედროვე საფრთხეების და უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განახლებული მიდგომების შემუშავება, რაც გააძლიერებს და კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის ჩვენ საჰაერო შესაძლებლობებს.

ღირსეული სამსახურისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო სარდლობის თითოეულ თანამშრომელს. თითოეული თქვენგანის როლი ფასდაუდებელია - თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მცველები, თავდაცვის ძალების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც ერთგულად ემსახურებით სამშობლოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

კვირის ამბები