საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორელი ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
საზეიმო ღონისძიება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. ცერემონიას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გივი მიქანაძემ მასწავლებლებს ყოველდღიურად გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„გორის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დავაჯილდოვეთ. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება ყველა პედაგოგის მიმართ. მასწავლებლები იმ უდიდესი მისიის ღირსეულად წაძღოლისთვის, რასაც პედაგოგობა ჰქვია, უდიდეს პატივისცემას და მხარდაჭერას იმსახურებენ“, - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. დასკვნითი ღონისძიება კი 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება. რაც შეეხება მიზანს, ინიციატივა პედაგოგთა წახალისებას, მათი შრომის აღიარებასა და ღვაწლის დაფასებას ემსახურება.