მუნიციპალური განვითარების ფონდი, გორში, 1000 მაყურებელზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.
როგორც ცნობილია, ფონდი ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი კომპლექსებს, ასევე, ოზურგეთში, გორში, გურჯაანში, ქობულეთში, ბაღდათსა და წნორში ააშენებს.
დაგეგმილი პროექტების მიხედვით, კომპლექსები გააერთიანებს: მულტიფუნქციურ დარბაზებს, დიდ და საბავშვო აუზებს, სატრენაჟორო და ფიტნეს სივრცეებს. შენობებში განთავსდება დარბაზები სხვადასხვა სპორტის სახეობებისთვის.
მრავალფუნქციური კომპლექსები სპორტულ სივრცეებთან ერთად მოიცავს: მედიათეკას, ქორეოგრაფიულ, სახელოვნებო, ფოლკლორის და უცხო ენების სივრცეებს, სტემ-კლუბს, მცირე სცენურ დარბაზს, ღონისძიებების მრავალფუნქციურ სივრცეს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ზონებს.
„კომპლექსის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ავტოსადგომების, გზების, საფეხმავლო ბილიკების, რეკრეაციული ზონების და გამწვანების მოწყობა, ასევე, გარე განათების, უსაფრთხოების სისტემების, წყალმომარაგების, გათბობა-გაგრილების და სახანძრო უსაფრთხოების სრულყოფილი დაგეგმარებაც.
მუნიციპალური განვითარების ფონდი მოუწოდებს არქიტექტორებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ბაზრის კვლევაში, რათა სწორად განისაზღვროს პროექტის ღირებულება. ფონდისთვის მნიშვნელოვანია პროცესში დარგის სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობა, რაც უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს შექმნას და პროექტის მაღალი ხარისხით განხორციელებას.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების და ვადების შესახებ ხელმისაწვდომია ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე“, - ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.