არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლების და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს, 25 სექტემბერს დაიწყო და 8 ოქტომბრის 18:00 საათზე დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლა მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge.
„გამოსაცდელებმა, რომლებსაც სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა ესაჭიროებათ, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100) წარმოადგინონ 8 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი - ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
გამოცდები მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდება. ცენტრი, ასევე, საკონსულტაციო შეხვედრების გამართვას გეგმავს“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ცნობისთვის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, არაქართულენოვანი სექტორის პრაქტიკოს მასწავლებლებს დამატებით მიეცათ შესაძლებლობა, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მიზნით, დაადასტურონ საგნობრივი კომპეტენცია.