გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში, შიდა ქართლში 36 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, უკანონო ნადირობის 414 ფაქტი გამოვლინდა.
უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 147 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 48 სამართალდარღვევაა გამოვლენილი იმერეთში, 44 - გურიაში, 40-40 - აჭარასა და ქვემო ქართლში, 36 - შიდა ქართლში, 29 - მცხეთა-მთიანეთში, 18 - სამცხე-ჯავახეთში, 8 - კახეთში, 2 ფაქტი კი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
სამართალდარღვევა გამოვლენილია დედაქალაქშიც - 23 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით, თბილისში უკანონო ნადირობის 2 ფაქტია აღკვეთილი.
„გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 363 აკრძალული იარაღით, ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 26 შემთხვევაში სამართალდამრღვევები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ, 20 შემთხვევაში მათ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, 5 კი, ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია.
დაფიქსირდა უკანონო საშუალებით - ხელნაკეთი ხმოვანი მოწყობილობით (ე.წ. „მანოკი“) ნადირობის ფაქტებიც. სეზონის დაწყებიდან ერთ თვეში ამოღებულია 358 „მანოკი“. ყველაზე მეტი - 142 „მანოკი“ დაილუქა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთის და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში (მომდევნო წლის 1-ელ მარტამდე), საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.