ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი და კატა) უფასო ვაქცინაციას, ტრადიციულად, ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ვაქცინაცია სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან მიმდინარეობს.
„ცოფი ადამიანის და ცხოველის საშიში ინფექციური დაავადებაა. თუმცა, მისი პრევენცია შესაძლებელია. მოიყვანეთ და აცერით თქვენი ოთხფეხა მეგობარი და მიკედლებული ცხოველი.
მნიშვნელოვანია, ყველა რგოლის ჩართულობით და კოორდინირებული მუშაობით, ერთად გავუმკლავდეთ ცოფთან ბრძოლის პროცესში არსებულ წინაღობებს და მივაღწიოთ საერთო მიზანს - ძაღლებისგან მომდინარე ცოფის ელიმინაცია 2030 წლისთვის“, - აცხადებენ სააგენტოში.
უფასო ვაქცინაცია დღეს, 26 სექტემბერს 11:00-18:00 საათებში, შიდა ქართლის მასშტაბით, შემდეგ მისამართებზე ჩატარდება:
გორი - ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ (შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ქარელი - თამარ მეფის ქ. №24;
კასპი - სააკაძის ქ. №115;
ხაშური - ტაბიძის ქ. №2 .
შეგახსენებთ, ცოფი ანუ ჰიდროფობია - მწვავე სპეციფიკური ინფექციაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებით მიმდინარეობს და როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე - 28 სექტემბერი, ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო თარიღს 2013 წლიდან ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობით უერთდება.