საზოგადოება
26.09.2025 14:31
ხაშურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობა იწყება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ხაშურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობას იწყებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ და კონტრაქტორი კომპანია - „JV of YDA Insaat San. Ve Tic. A.S. & MITAS Prj. Ins. Teks. ve San. Ver Tic. A.S“- ის წარმომადგენელმა ოზჯან ჩაქმაქმა მოაწერეს.

წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია 30,000-40,000 P.E. წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და 2,5კმ. ბაიპასის პროექტირება-მშენებლობა. პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სესხით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 19 მილიონ ევროზე მეტია.

„წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის გარდა, ქალაქ ხაშურში წყალმომარაგების და წყალარინების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე ლოტისგან შედგება. პირველი ლოტით გათვალისწინებულია მთელი ქალაქის წყალმომარაგების სისტემის, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში — წყალარინების ქსელის მშენებლობა. 2025 წლის ბოლოდან დაგეგმილია ქალაქის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.

პარალელურად, სათავე ნაგებობების, რეზერვუარების და მაგისტრალური მილების მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში, ქალაქის დარჩენილ ნაწილში წყალარინების ქსელის მოწყობაა დაგეგმილი.

ქალაქ ხაშურის წყლის და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ჯამში - 300 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვირის ამბები