საზოგადოება
28.09.2025 16:57
გორში სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2025“ მიმდინარეობს

გორში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გორის დღე - 2025“ დილიდან მიმდინარეობს. დღესასწაული სხვადასხვა სახის კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ სანახაობას თუ აქტივობას მოიცავს.

გიორგი ერისთავის თეატრის მიმდებარედ მოწყობილია მუზეუმების, საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, კვების ობიექტები და სოფლების კუთხეები (ყურძნის დაწურვა, ჩურჩხელების ამოვლება), საბავშვო გასართობი სივრცეები (სახის მოხატვა), ატრაქციონები, სპორტული აქტივობები, ტურისტული კუთხე და „ჯიპ-ტური“.

ჭავჭავაძის ქუჩაზე მოწყობილი დიდ სცენიდან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ, პარლამენტის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ გორელებს სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2025“ მიულოცეს.

ღონისძიების ფარგლებში, ხუთ გორელს - დედისიმედი ხუციშვილს (ექიმი-თერაპევტი), კახა თოფჩიშვილს (მხატვარი), ფატი ფულარიანს (მსახიობი), არჩილ ბარამიძეს (მწვრთნელი) და  გივი აბალაკს (ფერმერი, აგრონომი) საპატიო გორელის წოდება მიენიჭა.

სახალხო დღესასწაულს გალა-კონცერტი დაასრულებს: 20:00 საათზე მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ბენდები - „Soft Wave“, „კანუდოსი“ და მუსიკალური ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ წარსდგებიან.

 

 

 

კვირის ამბები