მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით, გორში, სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან ჩამოტანილი ნახატების გამოფენა საზეიმოდ გაიხსნა.
გამოფენა, ასევე, პროექტის - „ემეგობრე მუზეუმის“ ფარგლებში მოეწყო და დამთვალიერებელს „თანამედროვე ქართული დაზგური მხატვრობა ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან“, კერძოდ, თანამედროვე ქართველი მხატვრების - მერაბ აბრამიშვილის, დავით კრაწაშვილის, ნოდარ მალაზონიას, გიორგი მირზაშვილის, ვატია დავითაშვილის, კოკა რამიშვილის, ლევან ურუშაძის, ზურაბ გიკაშვილის, ლევან ჭიჭინაძის, ქეთევან მატაბელის, გიორგი ლორიას, დავით ალექსიძის, ბესიკ არბოლიშვილის, ლალი ლომთაძის და ფელიქს ვარლამიშვილის (ვარლა) ნამუშევრების ნახვა ერთი თვის განმავლობაში შეუძლია.
გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძემ ტურიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ სფეროში მომუშავე ყველა ადამიანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, კულტურის და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„გორის მუნიციპალიტეტი მდიდარია უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით. ჩვენი ვალია ეს სიმდიდრე შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და სწორად წარმოვაჩინოთ, რათა მუნიციპალიტეტმა უფრო მეტი სტუმარი მოიზიდოს. გორის მერია მომავალშიც გააგრძელებს ტურიზმის მხარდაჭერას და პოპულარიზაციას“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, კულტურის განვითარებისა ხელშეწყობის სააგენტოს, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების და შიდა ქართლის ტურისტული კავშირი - „მეგზურის“ ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.
ცნობისთვის, ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.
საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად გასულ წელს უმასპინძლა.