საზოგადოება
29.09.2025 15:33
4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება - მოსახლეობა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს და მერს აირჩევს

4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება და მოსახლეობა მუნიციპალიტეტების  მერებს და საკრებულოების წევრებს აირჩევს.

№32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ექვსი პარტიაა რეგისტრირებული, მათ შორისაა - „კონსერვატორები საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ძლიერი საქართველო - ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“, „გირჩი“ და „ქართული ოცნება“.

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, რეგისტრირებულია ორი კანდიდატი - ნიკოლოზ დოლიაშვილი („ძლიერი საქართველო - ლელო“) და კონსტანტინე ბუზალაძე („ქართული ოცნება“).

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ორმოცი წევრით (25 მაჟორიტარი და 15 პროპორციული სიით გასული დეპუტატი) დაკომპლექტდება.

როგორც „გორის მაცნესთან“ №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა აღნიშნა, არჩევნებისთვის მზადება თითქმის დასრულებულია. სიახლეა ის, რომ უბნებზე, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიებით ხდება ხმის მიცემა, ამომრჩეველს ერთი სამსვეტიანი ბიულეტენი დახვდება.

№32 გორის საარჩევნო ოლქში 95 უბანია შექმნილი. მათ შორის, 68 უბანში არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება, ხოლო 27-ში, ტრადიციულად მოხდება ხმის მიცემა. 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის გორში სპეციალური უბანი არ არის შექმნილი.

„№32 გორის საოლქო საარჩევნო ოლქში 111 784 ამომრჩეველი ფიქსირდება.

სიახლეა ის, რომ უბნებზე, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიებით ხდება ხმის მიცემა, ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს სამ სვეტად გაყოფილ ერთ ბიულეტენზე დააფიქსირებს და, შესაბამისად, სუბიექტის გასწვრივ თითო წრეს გააფერადებს. გარდა ამისა, ხმის მთვლელ აპარატს დაემატა მუყაოს ჭრილის საფარი, რომ უკეთ მოხდეს ხმის მიცემის ფარულობის დაცვა.

რაც შეეხება იმას, რის მიხედვით განისაზღვრა ტრადიციული და ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურები ამა თუ იმ უბანზე, ეს არის ცესკოს მიერ დადგენილი წესი, რომელმაც განსაზღვრა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიიდან 20 კმ-ის რადიუსში მდებარე საარჩევნო უბნებში ხმის მიცემა ელექტრონული წესით მოხდება, ხოლო დანარჩენ უბნებში და იქ, სადაც 300 ამომრჩველზე ნაკლებია რეგისტრირებული, ხმის მიცემის ტრადიციული პროცედურა ჩატარდება“, - აღნიშნა მალხაზ მირუაშვილმა.

კვირის ამბები