საზოგადოება
30.09.2025 11:16
დღეის მდგომარეობით, შიდა ქართლში 4800 ტონა არასტანდარტული ვაშლია ჩაბარებული - საწარმოო ვაშლის ჩაბარებას ფერმერები 15 დეკემბრამდე შეძლებენ

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო და ვაშლის ჩაბარებას ფერმერები 15 დეკემბრამდე შეძლებენ.

როგორც „გორის მაცნესთან“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მამუკა ლომსაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის, შიდა ქართლის მასშტაბით, არასტანდარტულ ვაშლს 8 კომპანია იბარებს.

„ჩვენს რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 4800 ტონა ვაშლია ჩაბარებული და არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, პროცესი 15 დეკემბრამდე გაგრძელდება“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა მამუკა ლომსაძემ.

შეგახსენებთ, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2025 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.27 ლარად შეისყიდიან.

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა წელს გამკაცრებული მონიტორინგის პირობებში ხორციელდება - მიმდინარეობს პროცესის სრული ვიდეოჩაწერა და მონიტორინგის ცენტრს ჩანაწერებზე სრული წვდომა აქვს.

კვირის ამბები