საზოგადოება
30.09.2025 15:45
ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს

1-ელი ოქტომბრიდან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ცვლილებებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს კლინიკების და აფთიაქების სექტორის წარმომადგენლებთან. პროცესში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კეთილსინდისიერ და სამართლიან დამოკიდებულებას ყველა მონაწილე მხარის მხრიდან.

„ცვლილება მინიმუმამდე შეამცირებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის არამიზნობრივად მოხმარების რისკებს. სახელმწიფო პროცესს მკაცრად გააკონტროლებს. ამასთან, სიახლე დადებითად აისახება მოსახლეობაზეც, რადგან სახელმწიფოს არ აქვს კომერციული ინტერესი. შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუციის პირობებში, ეს ხელს შეუწყობს მედიკამენტების ფასის სტაბილიზაციას. აღნიშნული პრინციპი საცალო რეალიზაციის დროსაც იქნება გაითვალისწინებული“, - განმარტა მინისტრმა.

ახალი წესის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების შესაძენად, სამედიცინო დაწესებულებებს და აფთიაქებს შეკვეთების გაგზავნა ელფოსტაზე - sales@mhpa.ge შეეძლებათ. შეკვეთის გასაკეთებლად, მათ სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.

ცვლილების შესაბამისად, აღნიშნული პროდუქციის შემოტანა და საბითუმო რეალიზაცია სახელმწიფო მართვაში მყოფ იურიდიულ პირს - „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ მიენიჭა.

კვირის ამბები