საზოგადოება
30.09.2025 15:46
კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია ხვალ, 1-ელ ოქტომბერს დაიწყება

კემბრიჯის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის სტანდარტული რეგისტრაცია ხვალ, 1-ელ ოქტომბერს დაიწყება და 20 ოქტომბრის 24:00 საათამდე გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათთვის, ვინც ამ ვადებში ვერ მოასწრებს დარეგისტრირებას, გვიანი რეგისტრაცია 21 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბრის 17:00 საათამდე გასტანს. გვიანი რეგისტრაციის საფასური კი 120 ლარს შეადგენს (დამატებული გამოცდის საფასურს).

რაც შეეხება გამოცდებს, 2025 წლის დეკემბერში აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩააბარონ კემბრიჯის შემდეგი სასერტიფიკაციო გამოცდების მხოლოდ ფურცლის ვერსიები: KET (A2Key), PET (B1 Preliminary), FCE (B2 First) და CAE (C1 Advanced).

„2025 წლის დეკემბრის გამოცდებზე აპლიკანტები ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით რეგისტრირდებიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე კემბრიჯის მენიუში განთავსებულ რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი და მიბმულ ფაილად ატვირთონ: გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ფოტო;

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (აიდი ბარათი ან პასპორტი) ფოტო;

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (აიდი ბარათი ან პასპორტი) მან უნდა ატვირთოს „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“. არსებული ფორმის ყველა ველი, გარდა კანდიდატის ნომრისა, უნდა იყოს შევსებული, დაკრული უნდა ჰქონდეს 3X4-ზე ზომის 2 ფოტო, რომელზეც ხელი უნდა ჰქონდეს მოწერილი სკოლის/მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებელს ან დირექტორს.

იმისათვის, რომ აპლიკანტი დარეგისტრირებულად ჩაითვალოს, უნდა დაელოდოს რეგისტრაციის დროს მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოსულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან 2 კვირაში კი აპლიკანტი რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს გამოცდის განრიგს.

ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9).

კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით, მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

კვირის ამბები