სპორტი
01.10.2025 10:27
გორში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის - გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გაიმართება

გორი, თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის (ახალგაზრდებს შორის) - გიორგი ხინჩეგაშვილის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლებს.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირის საშეჯიბრო ნაწილი 18-19 ოქტომბერს ჩატარდება. ორთაბრძოლები 10:00 საათიდან დაიწყება და გორის სპორტის სასახლეში გაიმართება.

შეჯიბრში 2009-2010-2011 წწ. დაბადებული სპორტსმენები იასპარეზებენ.  

მოჭიდავეები პირველობისთვის ერთმანეთს 10 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეეცემათ. გარდა ამისა, საუკეთესო შედეგების მიხედვით, პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული ქალაქების გუნდებიც დაჯილდოვდებიან.

გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალურ ტურნირს საფუძველი 2016 წელს, ღვაწლმოსილი მწვრთნელის - ნუგზარ სხირელის ინიციატივით ჩაეყარა. შეჯიბრი წელს მეცხრედ ტარდება.

კვირის ამბები