2026 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდება - ამის შესახებ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, 2026 წელს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება 800 მლნ ლარზე მეტითაა გაზრდილი.
კერძოდ, მომავალი წლიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში კი თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება.
გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემელის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელის ზრდა 20 ლარით.
ცნობისათვის, ამ დროისთვის, საქართველოში 70 წლამდე პირთა პენსია 350 ლარს შეადგენს, მაღალმთიან დასახლებებში ამავე ასაკობრივ ჯგუფის პენსიონერები 420 ლარს იღებენ. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 450 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია თითქმის 540 ლარია.