პროფესიული განვითარების ხელშეწყობის და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, შიდა ქართლში, კერძოდ, ქარელის N1 საჯარო სკოლაში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა.
საგანმანათლებლო ცენტრი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან თემურ ხუბულურთან და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს ოფისის დირექტორ ლესლი ბიერმან ლამთან ერთად გახსნა.
ქარელის N1 საჯარო სკოლაში სტუმრები პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროფესიული სახელოსნოების და ლაბორატორიების მოწყობის პროცესს გაეცნენ.
„ახალგაზრდული ცენტრის მიზანს სკოლის მოსწავლეების და თემში მცხოვრები ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს.
ამ ეტაპზე პროექტის - „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 20 საჯარო სკოლაში და ორ კოლეჯში ახალგაზრდული ცენტრების დაფუძნების და პროფესიული სასწავლო ლაბორატორიების აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას რეგიონებში“, - აცხადებენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.