საზოგადოება
02.10.2025 13:42
2 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი გავიდა

30 წლის წინ, 1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ვალუტა - „ლარი“ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.

ლარს თავისი სიმბოლო აქვს - ₾, , რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ 2014 წლის 7 ივლისს დაამტკიცა. ლარის სიმბოლო ქართულ ანბანს ეფუძნება.

„ლარმა უპირველესად, სტაბილურობა მოგვიტანა. მეორე მხრივ, განამტკიცა ჩვენი სუვერენიტეტი. შემდგომ ის ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მონაპოვარი. ახლა დროა, ახალი თავი დაიწეროს ჩვენს ისტორიაში და ეს დამოკიდებული იქნება იმ ქმედებებზე, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ. დამოკიდებული იქნება ქართველი ხალხის ნდობაზე. მიხარია, რომ ეკონომიკური სტაბილურობის ფონზე, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაშიც უდავოდ დიდ როლს ასრულებს ლარიზაციის თანმიმდევრული პოლიტიკა, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა და საზედამხედველო მიდგომები, რომელთაც ეროვნული ბანკი ატარებს. ხელშესახები შედეგიც სახეზეა - თუ ათწლეულების წინ დეპოზიტების 70%-80% უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული, დღეს დეპოზიტების თითქმის ნახევარი ლარშია (50%), ჩვენი ქვეყნის რეზიდენტების დეპოზიტების ლარიზაცია კი კიდევ უფრო მეტად - 57%-მდეა გაზრდილი. კიდევ ერთხელ ვულოცავ ლარის 30 წლის იუბილეს სრულიად საქართველოს. ვულოცავ ყველას, ვინც ჩართული იყო ფულის რეფორმის განხორციელების პროცესში, მათ, ვინც მოამზადა ქართული ლარის შემოღების ეკონომიკური საფუძვლები და მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ქართული სახელმწიფოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

კვირის ამბები