საზოგადოება
06.11.2025 11:30
უსახლკარო, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების განსახლების პროექტი დეკემბერში დასრულდება - ვინ ისარგებლებს პროგრამით

უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების განსახლების პროგრამა მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების მხარდაჭერის და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პროექტს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს.  

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი, 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

„პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. უსახლკარო ოჯახის წევრს, სახელმწიფოსგან, ასევე, არ უნდა ჰქონდეს მიღებული საცხოვრებელი ფართი, ან, სათანადო ფულადი კომპენსაცია, საცხოვრებელი ფართის შესაძენად. ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ, ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს“, - აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს 1000-მდე ოჯახს  გადასცემს.

პროექტის განხორციელება 2024 წელს დაიწყო და პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.

კვირის ამბები