საზოგადოება
10.11.2025 12:15
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის სასწავლო პროგრამებს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიაში იმყოფებოდა.

მინისტრმა გორისა და ატენის მიტროპოლიტთან მეუფე ანდრიასთან (გვაზავა) ერთად, საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მიმდინარე აქტივობებს და სასწავლო პროგრამებს გაეცნო.

ვიზიტის ფარგლებში, გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება ღირებულებითი განათლების პროგრამაზე გაამახვილა, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლობით შემუშავდა.

„ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა. სასწავლებლის შენობა მოიცავს 33 საკლასო ოთახს, კომპიუტერულ და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებს, კეთილმოწყობილ სპორტულ და სააქტო დარბაზებს და სახელოსნოს, მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით და პერიოდული გამოცემებით უზრუნველყოფილ ბიბლიოთეკას.

აღსაზრდელები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად, ძველ ქართულ ენას, საღვთო სჯულს, ქრისტიანული კულტურის ისტორიას, ქართულ ხალხურ სიმღერებს და საეკლესიო საგალობლებს და ქართულ ცეკვებს სწავლობენ. სასწავლებელში ფუნქციონირებს - ლიტერატურის და თეატრის, სიმღერის და გალობის, ხალხური საკრავების და ცეკვის წრეები“, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები