საზოგადოება
11.11.2025 13:34
მეთევზეობის დარგში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით გორში შეხვედრა გაიმართა

თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მნიშვნელობასა და საჭირო კვლევების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გორში, თევზმომშენებელ ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საკითხის განსახილველად მეთევზე ფერმერებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი შეხვდნენ.

სხდომას, ასევე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, სოფლის განვითარების, სურსათის ეროვნული სააგენტოს და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონალურ და ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში, თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ყველა საჭირო კვლევა უკვე დანერგილია. რაც შეეხება დარგში არსებულ გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს, მინისტრის მოადგილის, ლაშა ავალიანის თქმით, საჭიროა, დაავადებების პრევენციის მიმართულებით აქტიური მუშაობა, რათა თევზის პროდუქტებთან დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო რისკები აღმოიფხვრას.

„დღევანდელ რეალობაში, გამოწვევაა ვეტერინარების, მათ შორის, თევზის დაავადებების სპეციალისტების - იქთიოპათოლოგების სიმცირეც. შესაბამისად, დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების დაინტერესება ამ მიმართულებით სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და მუშაობა ამ მიმართულებითაც გააქტიურდება“, - აღნიშნა ლაშა ავალიანმა.

კვირის ამბები