
წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე, მათ შორის დამატებით სამედიცინო გამოკვლევებზე უარს იტყვის, 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
მთავრობის ინიციატივით, ცვლილებები „თავდაცვის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ხორციელდება.
კანონის ახალი რედაქციის მიხედვით, თუ წვევამდელი გამოძახების შემთხვევაში, გამწვევ კომისიაში არ გამოცხადდება ან სამედიცინო შემოწმების გასავლელად მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის წინაშე არ წარსდგება, გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი შესაბამის მასალებს სასამართლოს გადასცემს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე კოდექსის თანახმად, წვევამდელმა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები უნდა გაიაროს, თუმცა, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც პირი მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში ცხადდება, მაგრამ სამედიცინო შემოწმებას, მათ შორის დამატებით გამოკვლევებს არ გადის.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებები და ამ მიმართულებით ადმინისტრაციული ჯარიმის ამოქმედება, წვევამდელის მიერ მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდგომ, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისაგან თავის არიდების პრევენციას უზრუნველყოფს“, - აცხადებენ სამინისტროში.