
გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე „სკრა ჰესის“ მშენებლობა იგეგმება. როგორც ცნობილია, პროექტს „ენ-სი ჯგუფი 2022“ ახორციელებს. კომპანიამ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში გარემოს ეროვნული სააგენტოს უკვე წარუდგინა.
დოკუმენტის თანახმად, კალაპოტური ტიპის ჰესი სოფელ სკრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და მისი სიმძლავდრე 14.8 მეგავატი იქნება.
„სკრა ჰესის“ პროექტის ფარგლებში შემდეგი ინფრასტრუქტურა მოეწყობა: სათავე ნაგებობა (წყალსაგდები, წყალსაშვიანი კაშხალი), თევზსავალი კვანძი, წყალმიმღები, სააგრეგატო ბლოკი, ჰესის ზედა ბიეფში მოწყობილი ნაპირდამცავი დამბები და კაშხლის ქვედა ბიეფში მოწყობილი გაბიონები.
აღსანიშნავია, რომ „სკრა ჰესი“ წარმოადგენს „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის მიერ დაგეგმილი 208 მგვტ დადგმული სიმძლავრის „მტკვრის ჰესების“ კასკადის შემადგენელ ნაწილს. მტკვარი ჰესების კასკადი კი ჯამში, 13 კალაპოტური ტიპის ჰესის მშენებლობას მოიცავს. ობიექტები განთავსებული იქნება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანს შორის არსებულ ტერიტორიაზე.