
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვისთვის სამხედრო ვალდებულების მოხდა აუცილებელი წინაპირობა აღარ იქნება.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონი ადგენს, თუ ვინ განეკუთვნება საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეთა კატეგორიას და ვინ შედის კადრის მოსამსახურეთა შემადგენლობაში. მოქმედი კანონის გათვალისწინებით, აღნიშნულ პირებს სავალდებულო სამხედრო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილი უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ ან კადრის სამსახურში მიიღონ პირები, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებულები არიან.
მთავრობის განმარტებით, აღნიშნული ჩანაწერის შედეგად, იზღუდება სამსახურში მიღების მსურველთა შრომის უფლება, ხოლო მეორე მხრივ, ზიანდება სამსახურის საჯარო ინტერესი პირადი შემადგენლობის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების და მათი კონკურენტულ გარემოში შერჩევა-შევსების თვალსაზრისით.
კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი, ამ ვალდებულებას ხსნის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში და კადრის სამსახურში ჩასარიცხად აუცილებელი წინაპირობა აღარ იქნება პირის მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდა.