საზოგადოება
17.11.2025 14:34
შიდა ქართლში, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შიდა ქართლში, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ხაშურის და კასპის, ასევე, წალენჯიხის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები თევზჭერას აკრძალული საშუალებების - ელექტროიარაღების გამოყენებით ახდენდნენ და სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული, ჯამში, 17 კგ-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი.

„ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს; ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის განმავლობაში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 687 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 49 - ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონო თევზჭერის ფაქტია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობის და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, - აცხადებენ უწყებაში.

კვირის ამბები