
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.
საფეხბურთო მატჩი დღეს, 18 ნოემბერს ჩატარდება. თამაში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონი (სოფია) უმასპინძლებს.
„გვსურს, საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი თამაშით დავასრულოთ. იგივე მიზანი აქვს ბულგარეთის ნაკრებსაც. ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაშია და ორივეს ბევრი აქვს დასაკარგი.
მნიშვნელოვანი თამაშია, ამიტომ შემადგენლობაში ექსპერიმენტები არ იქნება. მოგება გვსურს და ამისთვის კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. მიუხედავად მარცხისა, იგივე ამბიციით უნდა ვითამაშოთ ბურთით, როგორც ეს ესპანეთთან გავაკეთეთ. სამომავლოდ წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოვიყენებთ ბურთს.
მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ მომდევნო ერთა ლიგისთვის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ამისთვის თითოეულ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გასულ მატჩში ესპანეთს უმასპინძლა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.