საინტერესო ამბები
18.11.2025 15:07
ვინ არის გორული კატლეტის რეცეპტის ავტორი და მომზადების აქამდე უცნობი ტექნოლოგია

ქართული სამზარეულო ცნობილია სუფრის მრავალფეროვნებით. ყველა კუთხე საკუთარი, უნიკალური კერძებით გამოირჩევა, რაც შეეხება გორს, ერთ-ერთი, რითაც გორელები მრავალი წელია თავს იწონებენ, გორული კატლეტია, რომლის დაგემოვნების გარეშე, ბევრისთვის ქალაქის დატოვება წარმოუდგენელია. უფრო მეტიც, უამრავი გურმანი გორს სწორედ იმიტომ სტუმრობს, რომ გორული კატლეტი დააგემოვნოს.

ბევრისთვის ცნობილი არ არის, რომ დღეს უკვე გორულ კატლეტად ცნობილი ვერსიის ავტორი გივი აბუაშვილია.

აბუაშვილმა, რომელიც (1931-2000 წწ.) სასტუმრო ინტურისტის რესტორანში შეფ მზარეულად მუშაობდა, მომზადების ტექნოლოგია გასული საუკუნის 70-იან წლებში შეიმუშავა და მისი ნახელავი არაერთ ცნობილ ადამიანს გაუსინჯავს. გივი აბუაშვილს და მის საფირმო კატლეტს საგაზეთო პუბლიკაცია იმჟამად კონსტანტინე გამსახურდიამაც მიუძღვნა.

დღესდღეობით, გორული კატლეტი თითქმის ყველა აქაური რესტორნის მენიუშია, თუმცა, გივი აბუაშვილის ოჯახის წევრების თქმით, ყველაზე უფრო ახლომდგომი აბუაშვილის ნახელავთან „ძმობის დუქანში“ მომზადებული კატლეტია, რომელსაც გორული კატლეტის რეცეპტის ავტორის მოსწავლე, ომარ ჩიკვილაძე ამზადებს.

რამ განაპირობა გორული კატლეტის პოპულარობა, როგორია პირვანდელი რეცეპტი და რამდენად ხშირად ამზადებენ მას ახლა შეფ მზარეულის ოჯახში - „გორის მაცნე“ გივი აბუაშვილის ოჯახის წევრებს ესაუბრა.

აბუაშვილის ოჯახში ტრადიციული რეცეპტით კატლეტს რძალი, მარინა აბუაშვილი ამზადებს. როგორც აღმოჩნდა, სტუმრების გასამასპინძლებლად მამამთილის რეცეპტით სწორედ ის ამზადებს ყველაზე ხშირად.

„ოჯახის წევრებიდან, კულინარიასთან ყველაზე ახლოს მე ვარ, შესაბამისად, კატლეტის მომზადებაც მე ვისწავლე. ვიდრე ჩემი მამამთილი ცოცხალი იყო, მასთან ერთად ვამზადებდი, დამოუკიდებლად არ გამიკეთებია. სიმართლე გითხრათ, ამ პასუხისმგებლობას მარტოს არ მაღებინებდა საკუთარ თავზე. ახლა, ბუნებრივია, მხოლოდ მე ვამზადებ მისეული რეცეპტით. ხან ზუსტად გამომდის იმ გემოების გამეორება ხან - არა. გარდა იმისა, რომ კარგი ხარისხის ინგრედიენტები მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი მთავარი, რაც გივისეული კატლეტის მომზადების მთავარი წინაპირობაა, ტექნოლოგიური პროცესია. „ინტურისტში“ ხორცის დასამუშავებლად საკმაოდ ძლიერ დანადგარებს იყენებდნენ, რაც სახლის პირობებში არ გვაქვს, ასევე, ტაფების სხვაგვარი იყო. როგორ გითხრათ, გორული კატლეტის მოსამზადებლად, საჭიროა ფარში კარაქივით დარბილდეს, მინიმუმ, სამჯერ უნდა გატარდეს, სწორედ ეს განაპირობებს მის განუმეორებელ წვნიან ფაქტურას.

რაც შეეხება უშუალოდ რეცეპტს, გაგიმხელთ: საჭიროა, ავიღოთ თანაბარი რაოდენობის ღორის და საქონლის ხორცი,აქვე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ღორის ხორცს უნდა ჰქონდეს ცხიმიანი ნაწილიც (არა მხოლოდ სალა), შევაგემოთ, მარილით, ნივრით, ხახვით, წიწაკით და მწვანილით (ზოგ შემთხვევაში, ფარშის შესაგემებლად ის სუნელს და კოწახურსაც იყენებდა). მიღებული მასა ხელახლა უნდა გავატაროთ რამდენჯერმე და დავზილოთ კიდევ უფრო დასარბილებლად, ფაქტობრივად, კარაქივით მასა უნდა მივიღოთ, შემდეგ ხელით მივცეთ მოგრძო ფორმა (კატლეტი უნდა იყოს საკმაოდ მსხვილი), ამოვავლოთ ფქვილში და მაღალ ტემპერატურაზე მოვათავსოთ ზეთიან, თავსახურახდილ ტაფაში, რათა წვენი არ გამოუვიდეს და შეწვის პროცესში წყლის დამატება არ გახდეს საჭირო“, - აღნიშნა მარინა მღებრიშვილმა.

ოჯახის წევრების გადმოცემით, აღიარებული შეფ მზარეული კატლეტთან ერთად, ასევე, არაჩვეულებრივად ამზადებდა ჩაქაფულს თუ სხვა კერძებს.

ჩვენს რესპონდენტთან ერთად, სამოყვარულოდ, ბაბუის კულინარიული შედევრების გამეორებას ცდილობს მისი ერთ-ერთი შვილიშვილი გიორგი ორთანეზაშვილიც.

გივი აბუაშვილი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა და სიცოცხლის ბოლო წლებამდე საყვარელ საქმეს ემსახურებოდა.

კვირის ამბები