საზოგადოება
18.12.2025 14:26
2025 წელს გორის მუნიციპალიტეტში 22 კილომეტრამდე გზის მონაკვეთი რეაბილიტირდა

2025 წელს გორის მუნიციპალიტეტში 22 კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გორში ახალი გზის საფარი სოფრომ მგალობლიშვილის, ოთარ ჩხეიძის, დანიელ ჭონქაძის, თელავის, რუსთაველის, იაკობ გოგებაშვილის ქუჩებზე, ასევე ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ და სადგურის დასახლებაში (ელექტროფიკაცია) დაიგო.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, საგზაო ინფრასტრუქტურა 19 სოფელში, მათ შორის, ტყვიავში, ტინისხიდში, ხელთუბანში, ვარიანში, ხურვალეთში, მარანაში, ფლავისმანში, ფლავში, ზერტში, ხიდისთავში, კარალეთში, პატარა გარეჯვარში, ნაწრეტში, მერეთში, საქაშეთში, ოთარშენში, თედოწმინდაში, ატენსა და ქვახვრელში რეაბილიტირდა.

„სამუშაოების 95% დასრულებულია. ახალი გზის საფარი გორში 4,5 კმ-ზე, ხოლო სოფლებში კი 17 კმ-ზე დაიგო. პროექტების ღირებულებამ 15,5 მილიონი ლარი შეადგინა“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები