საზოგადოება
18.12.2025 14:41
პარლამენტმა მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებული წესით დაამტკიცა.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული საბოლოო ცვლილება ითვალისწინებს როგორც შეჩერებული მართვის მოწმობების დაბრუნებას, ასევე მართვის უფლების ვადამდე აღდგენისა და მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნების კანონით განსაზღვრული შესაძლებლობის გაუქმებას.

მართვის უფლების ვადამდე აღდგენის საშუალება აღარ ექნებათ პირებს, რომლებიც შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჩაიდენენ: - სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება; სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა.

მართვის მოწმობა კი დაუბრუნდებათ პირებს, ვინც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2025 წლის 16 დეკემბრამდე ჩაიდინეს. კერძოდ, საუბარია მძღოლებზე, რომელთაც პოლიციამ მართვის უფლება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 45-ე, 451-ე, 1151-ე, 116-ე და 123-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო შეუჩერა.

 

კვირის ამბები