
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში „საახალწლო ხელოვნების ბანაკი 2025“ გაიხსნა.
ბანაკში გამგზავრებამდე მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის მერი მოადგილეებთან ერთად შეხვდა. კონსტანტინე ბუზალაძემ, იოსებ მაზმიშვილმა და თორნიკე ფხაკაძემ ახალგაზრდები ბანაკში გააცილეს და ნაყოფიერი დღეები უსურვეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ბანაკი 16-დან 22-წლამდე ასაკის ას აქტიურ ახალგაზრდას, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოზარდებს ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.
ბანაკის ფარგლებში, მონაწილეებს თემატური ტრენინგები ჩაუტარდებათ, რომლებიც ხელოვნების სხვადასხვა დარგის გაცნობას მოიცავს. თეორიულ ნაწილთან ერთად, პროექტი პრაქტიკულ აქტივობებსაც ითვალისწინებს და ახალგაზრდები საკუთარ ნამუშევრებს ბანაკის დასკვნით ღონისძიებაზე წარადგენენ.
„პროექტს ორგანიზაცია „საერთაშორისო ინოვაციური ინდუსტრია“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.
საახალწლო ხელოვნების ბანაკის მიზანი ახალგაზრდებში შემოქმედებითი, გუნდური მუშაობის უნარების განვითარება და ადგილობრივი კულტურული ტრადიციების პოპულარიზაციაა“, - აცხადებენ გორის მერიაში.