2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს, 21 აპრილს დაიწყო.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2026 წლის 21 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით განხორციელდება და რეგისტრაციის მეორე ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში; რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია; რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციას კი საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ და 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები 5 ეტაპს მოიცავს.