სამართალი
22.04.2026 14:11
გორში დაკავებულ 21 წლის ახალგაზრდას, რომელმაც 46 მობილური ტელეფონი მოიპარა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ს.დ. დააკავეს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქალაქ გორში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაში გვიან ღამით უკანონოდ შეაღწია, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 136 ათასი ლარის ღირებულების „აიფონის“ ფირმის 46 მობილურ ტელეფონსა და მაღაზიაში წარმოდგენილ სხვა ელექტრომოწყობილობებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელ სახლსა და მის მიერ მითითებულ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები სრულად ამოიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები