29 სექტემბერს საკვების ნარჩენებისადმი ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ეკოლოგების თქმით, საკვების ნარჩენის კონცეფცია ორ პრობლემას - საკვების დანაკარგს და საკვების ნარჩენებს აერთიანებს. დაკარგული საკვები ის სურსათია, რომელიც მანამ გადაიყარა, სანამ მომხმარებლამდე მიაღწევდა. საკვების ნარჩენს კი წარმოადგენს სურსათი, რომელიც მომხმარებლამდე უკვე მივიდა, თუმცა, მაინც გაფუჭდა ან გადაიყარა.
„საკვების კარგვისა და ფლანგვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მათგან წარმოქმნილი სათბური აირებია, კერძოდ მეთანი (CH₄), რომელიც ნაგავსაყრელზე საჭმლის ლპობის შედეგად წარმოიქმნება. გლობალური დათბობის კუთხით, ეს აირი 28-ჯერ ძლიერმოქმედია, ვიდრე ნახშირორჟანგი (CO2). რაც შეეხება ადამიანებისადმი მიყენებულ ზიანს, დიდი რაოდენობის საკვების კარგვის და ფლანგვის შედეგად, ნაკლები რესურსი რჩება, ხალხის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად - ეს კი მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში უამრავი ადამიანი შიმშილობს“, - აღნიშნავენ ორგანიზაცია CENN-ის (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) სპეციალისტები.
რაც შეეხება სტატისტიკას, აღნიშნული პრობლემები გლობალურად ციფრებში ასე აისახება: 2021 წელს საკვების დაახლოებით 13% (ანუ 1.25 მილიარდი ტონა) დაიკარგა მოპოვების შემდეგ, გასაყიდად განთავსებამდე (FAO);
2022 წელს სურსათის დაახლოებით 19% (ანუ 1.05 მილიარდი ტონა) გაიფლანგა ოჯახებში, საკვებ ობიექტებსა თუ ვაჭრობის პროცესში (UNEP);
მსოფლიოში საკვები ნარჩენების 60% ოჯახებზე მოდის (UNEP);
მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 28.9%-ს - 2.33 მილიარდ ადამიანს - 2023 წელს საკვები არასათანადოდ მიეწოდებოდა (FAO);
მსოფლიოში 11-იდან ერთ ადამიანს გამოუცდია შიმშილი 2023 წელს (FAO);
საკვების დანაკარგი და ნარჩენები გლობალურად სათბურის აირების 8-10%-ს წარმოქმნის (IPCC).
ოფიციალური მონაცემებით, საკვები ნარჩენების მართვა საქართველოშიც მნიშვნელოვანი გამოწვევაა - ნაგავსაყრელებზე ნარჩენების უდიდეს წილს სწორედ საკვების ნარჩენები შეადგენს.